25.11.2015

ვილენ გაბრავა მკლავჭიდში მსოფლიოს თასის მფლობელია

21-22 ნოემბერს  პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ რუმიაში ჩატარდა მსოფლიო თასის გათამაშება მკლავჭიდში, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების წევრმა ხობელმა (პირველმაისელმა) ვილენ გაბრავამ და 63 კგ წონით კატეგოიაში პირველი ადგილი დაიკავა. ვილენი პირველი ქართველია, რომელმაც მსოფლიო თასზე მკლავჭიდში ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია. 
     

03.11.2015

,,ივერია’’, 1901 წ. 9 ნოემბერი, N 245 სოფელი ხეთა

ამ ათი წლის წინათ ერთმა ამ სოფლის მკვიდრთაგანმა, ტფილისის სასულიერო სემინარიაში კურსდამთავრებულმა, ბ-ნმა ე. შუშანიამ თავისის ხარჯით თავისავე ეზოში გახსნა სამრევლო სკოლა. ჩვენში მაშინ სამრევლო სკოლის ხსენება არსადაც არ იყო და არსებობდა მხოლოდ სამინისტრო სკოლები. ამ დროს მას მანანასავით მოევლინა პატიოსანი მუშაკი საზოგადოებისათვის, რომ როგორმე სკოლა შეეყვარებინა და მასში ნდობა დაემსახურებინა, მასწავლებელი მოწაფეებს არაფერს სთხოვდა, პირიქით, სასწავლო ნივთებსაც უფასოდ ურიგებდა. ასე გაატარა ორი წელიწადი, მაგრამ სასულიერო მთავრობამ ასეთი მისი მოღვაწეობა უყურადღებოდ არ დასტოვა, დააფასა მისი შრომა და დაუნიშნა ჯამაგირი. მალე ეს ერთკლასიანი სკოლა ორკლასიანადაც გადაკეთდა, შემდეგში კი 1899 წლიდან საოსტატო კურსებიც მიემატა, მაშინ სკოლის ასაგები ფულიც დაუნიშნეს და ჯამაგირიც მოუმატეს. 1899 წლის დამდეგს ზუგდიდის მაზრის სამოსწავლო საბჭოს განყოფილებამ შუამდგომლობა აღძრა, სადაც ჯერ არს, რომ ასეთი მეორეკლასიანი სამრევლო სკოლა ზუგდიდშიაც დაეარსებინათ ქალებისათვის, მაგრამ უარი მიიღეს. მთავრობამ განუმარტა ხსენებულ საბჭოს, რომ კანონით თითოეულს ეპარქიაში ასეთი ტიპის სასწავლებელი მხოლოდ ორი უნდა იყოსო, მაგრამ გურია-სამეგრელოს ეპარქიაში სამი სკოლა უკვე იყო დაარსებული (კიწიასა, ბანძასა და ხეთაში); ამიტომ ამ ერთს შემთხვევაში უმაღლესის მოწყალებით სამსავე სასწავლებელს სტოვებენ, ხოლო მეტის დაარსება აღარ შეიძლებაო. ხსენებულმა საბჭომ სათანადო მთავრობას იმ მოსაზრებით კი უფრო სთხოვდა მეოთხე სკოლის დაფუძნებას, რომ ამ საქმისათვის მას დიდსა და უხვს შემწეობას ჰპირდებოდნენ. მაგ: უგანათლებულესმა პრინცესამ სალომე მიურატისამ ქცევა-ნახევარი ადგილი დაბა ზუგდიდის შუა ალაგას შესწირა სკოლის ასაგებად, ხოლო სამი წლით სანამ სკოლის აგებას მოასწრებდნენ უფასოდ დაუთმო შენობა, სადაც სკოლის მოთავსება ადვილად შეიძლებოდა; დაბა ზუგდიდის ვაჭრებმა და მცხოვრებლებმა კიდევ ორასი თუმანი შემოსწირეს და ადგილობრივი სამღვდელოებაც წლიურად ას-ას თუმანს დაპირდა. ასეთის უხვის შემწეობის გამო ხსენებულმა საბჭომ ხელახლა აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე და ხეთის ზემოთხსენებული სკოლის გადმოტანა ითხოვა ზუგდიდში.

01.11.2015

სახელოვანი მკლავჭიდელები ტვ იმედის დილის ეთერში


ტვ იმედის დილის ეთერს სტუმრად საქართველოს მკლავჭიდის ნაკრები (მათ შორის ხობელები: გენადი კვიკვინია, ვილენ გაბრავა, გოჩა სიჭინავა) და მათი მწვრთნელი ვახტანგ მუსელიანი სტუმრობდნენ. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ნაკრების მალაიზიაში წარმატებულ ასპარეზს შეეხო, სადაც ქართველი სპორტსმენები 18 და 21-წლამდელებში, ვეტერანებში და უფროსთა შორის ასპარეზობდნენ. საერთო ჯამში მათ 41 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 13 ოქროსი!
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქართველ სპორტსმენებს ამ დიდ გამარჯვებას!