28.05.2017

ხობში, ხატი „დედოფალი" ჩამოაბრძანეს

28 მაისი, პირველი მაისის  ყოვლადწმინდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის კურთხევის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა იაკობ სურმავამ საზეიმო წირვა აღავლინა. ღვთისმსახურებას საქართველოს  პარლამენტის წევრი  ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
  მეორე დღეა, პირველი მაისის სამონასტრო კომპლექსში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი - „დედოფალია" დაბრძანებული. ეს არის ხატი, რომელიც აბსოლუტური ანალოგია ათონის მთაზე, ივერონის მონასტერში¬ დავანე¬ბული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც პორტაიტისა (კარიბჭისა) ეწოდება. ხატმა სახელი თავად დაირქვა - "დედოფალი" - ათონის წმინდა მთაზე მოგზაურობისას მომლოცველები და ათონელი ბერები მას ხვდებოდნენ  შეძახილით: "დედოფალი მობრძანდება!". საქართველოს პატრიარქმა მას «სიხარულის მომნიჭებელი» უწოდა. ხატის ჩაბრძანების ორგანიზატორი - სამონასტრო კომპლექსის ქტიტორი, გოდერძი ბუკიაა. 

23.05.2017

ხობში - პირველმაისში საჭადრაკო კონკურსი ჩატარდა (ვიდეო)

17 მაისს პედაგოგ დალი თევზაძის სადამრიგებლო მესამე კლასში დავგეგმეთ საჭადრაკო ამოცანების კონკურსი სახელწოდებით - ,,დაფიქრდი და გააკეთე სწორი სვლა"...
გვეწვივნენ საპატიო სტუმრები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციიდან - ბატონები - გერმანე სალია და დათო კოდუა... მათ გამარჯვებულისთვის თასი და საპრიზო სამეულისთვის მედლები დააწესეს პრიზად...
საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ - ხობის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ქალბატონი ბეატრისა რუსია, რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი ნინო ბერაია და სოფლის რწმუნებული მარინე ლაგვილავა... ასევე პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები...
ფედერაციის მხრიდან ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო ის, რომ ჩვენი ღონისძიება გააშუქა ფოთის ტელეკომპანია ,,მეცხრე ტალღამ", რამაც ბავშვებში დიდი სიხარული გამოიწვია...
კონკურსს მეთვალყურეობდნენ ნორჩი ,,საჭადრაკო ექსპერტები", ჩვენი სკოლის მოჭადრაკეები, რომლებიც მრავალი რეგიონული, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები არიან:

1. თეიმურაზ კვიკვინია
2. ნიკა ბუკია
3. ანა კვიკვინია
4. მარიამ ლაგვილავა

მოსწავლეებმა ამოხსნეს 12 სხვადასხვა სირთულის საჭადრაკო ამოცანა... 
საბოლოოდ საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
1. გიორგი კვიკვინია - 70 ქულა
2.ნიკოლოზ ყიფშიძე - 60 (საჭირო გახდა დამატებითი ამოცანის ამოხსნა, რათა გამოვლენილიყო მეორეადგილოსანი)
3.სუზანა გაბისონია - 60

ბიჭებში მესამე ადგილი წილად ხვდა საბა საბახტარაშვილს (59 ქულა).
გოგონებში მეორე იყო ირინა ბუკია (55 ქულა), მესამე კი - სოფო გვალია (48 ქულა)...
გარდა საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეებისა სიგელებით დაჯილდოვდნენ მონაწილეები: კოტე გაბრავა, ირაკლი კვიკვინია, თეკო ბუკია, მარი ჭითაშვილი, ლიზი ბიგვავა და თაკო ბუკია...
სიგელებით დაჯილდოვდნენ სპორტის მასწავლებლები - გრიშა ხიმშიაშვილი და მერაბი ქანდარია, რომლებიც წლების მანძილზე სამოყვარულო დონეზე ცდილობდნენ სკოლაში ჭადრაკის პოპულარიზაციას...

ვიდეო "მეცხრე ტალღის" მასალებიდან