18.12.2021

კონკურსში ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ მეორე ადგილი დაიკავა ე.შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლამ

  


    გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში - ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ მეორე ადგილი დაიკავა ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლამ. პროექტის ხელმძღვანელი: ნინელი ხუხია და ლუკა კახიანი.     პროექტის მიზანია ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობა, ბუნებრივი საფრთხით გამოწვეული კატასტროფების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება და თემის მედეგობის გაძლიერება დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით. პროექტის განსახორციელებლად მეორე ადგილზე გასულ სკოლას ჯილლდოს სახით გადაეცემა 800 $, რითაც შეკეთდება ძლიერი ქარის მიერ სკოლის სახურავის დაზიანებული ნაწილი, წყალდიდობისგან დაცვის მიზნით გასუფთავდება არსებული არხები და გაიჭრება სამი ახალი არხი, პროექტი ასევე ითვალისწინებს საგანმანათლებლო კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც ჩატარადება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი აქტივობები.

https://www.facebook.com/photo/?fbid=4664850946969541&set=a.417083428413002

13.12.2021

პირველ მაისში ხობი-უტორას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოები ხორციელდება

 

 შპს „საქართველოს მელიორაცია“, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში ხობი-უტორას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარეს.

ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან 3 კილომეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება.
სამუშაოები მუნიციპალიტეტში 25 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს და ერთწლოვანი კულტურების წარმოების შესაძლებლობას და მოსავლიანობას გაზრდის.
დამშრობ მასივზე სამუშაოები დეკემბერში დასრულდება.

30.09.2021

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მოინახულა „მაჩხომერის“ მთაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები

  

    ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მოინახულა „მაჩხომერის“ მთაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები, სადაც აღმოჩენილია მე-6 საუკუნის ტაძრის ნანგრევები. აქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენს, რაზეც მიუთითებს კაპიტალური გალავნის, ორი კოშკისა და სხვა გაურკვეველ ნაგებობათა ნაშთების არსებობა.

გათხრებისას აღმოჩენილი ბერძნულწარწერებიანი ფილების ფრაგმენტების მიხედვით, სავარაუდოდ ეს ტაძარი წმიდა ორმეოც სებასტიელ მოწამეთა სახელზედ უნდა ყოფილიყო აგებული; აქ აღმოჩენილი წარწერები თარიღდება მე-6 საუკუნის შუა ხანებით; წარწერების გაშიფრულ ნაწილში მოხსენიებულნი არიან „გორგონი“, „თეონა“ და „თაკე“, სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები უნდა იყვნენ და მათ მიერ უნდა იყოს აშენებული ეს ტაძარი; რაც შეეხება აქ წელს აღმოჩენილ წარწერებიან ფრაგმენტებს, ის ჯერ კიდევ არ არის გაშიფრული (შესწავლის პროცესშია).
არქეოლოგიურ სამუშაოებს ხელმძღვანელობს არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი რევაზ პაპუაშვილი; გათხრებში პირველივე დღეებიდან აქტიურად მონაწილეობს სიწმიდეთა და სიძველეთა მოძიებისა და დაცვის საეპარქიო ცენტრის დირექტორი - ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია.
მიმდინარე საძიებო-კვლევით სამუშაოებში ასევე აქტიურად მონაწილეობენ და უზრუნველყოფენ აღმოჩენების გაშუქებას (საერთაშორისო კონფერენციებსა და საერთაშორისო გამოცემებში):
- ემანუელ ინტაგლიატა, იტალიელი მეცნიერი, არქეოლოგი, პროფესორი;
- ანდრეი ვინოგრადოვი, ბიზანტოლოგი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი; (https://www.youtube.com/watch?v=dPop5D3ewT8)
,,მაჩხომერის’’ შესახებ სტატიები დაიბეჭდა 2020 წელს გერმანიაში, ჟურნალ ,,Zeitschrift fuer Papyrologie und Epigrafik’’-ში (N 214), აგრეთვე პოლონეთში ჟურნალ ,,PRO GEORGIA journal of kartvelologikal studies (N30).
აღნიშნული არქეოლოგიური სამუშაოები რთულ გარემო პირობებში (მოსაწესრიგებელია მისასვლელი გზა) მიმდინარეობს უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე და სავარაუდოდ, (სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე) კიდევ დიდხანს გასტანს, თუმცა დღემდე გაწეული სამუშაოს შედეგები, გადაჭარბების გარეშე უკვე შეიძლება ითქვას, რომ უნიკალური და შეუფასებელია.
როგორც ჩანს წინ კიდევ გველის საინტერესო აღმოჩენები, რასაც ღრმა ისტორიულ წარსულში გადავყავართ და საქართველოს უძველესი ქრისტიანული კულტურის შესახებ ჩვენს ცოდნას ამდიდრებს და შესაბამისად, გვაძლიერებს!
ეპარქიის სამდივნო. https://www.facebook.com/poti.pazisi.eparqia/photos/pcb.2978497669055543/2978497265722250/

10.09.2021

„მაჩხომერზე“ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს (ფოტო + ვიდეო)

  

 ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულო ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე ,,მაჩხომერის’’ მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელსაც არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. მუშაობაში ჩართულნი არიან მხატვარ-რესტავრატორი ნანა პაპუაშვილი, თბილისის უნივერსიტეტის არქეოლოგები თენგიზ ესებუა და დავით ნასყიდაშვილი, ასევე იტალიელი არქეოლოგი ემანუელ ინტაგლიატა. აქ გამოვლინდა რიგი ისეთი არტეფაქტებისა, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ობიექტს. მნიშვნელოვანია აქ მოპოვებული 12  სხვადასხვა ქვის ფრაგმენტი და ერთი სრული-18 სტრიქონიანი ლოდი, რომლებზედაც ბერძნული მთავრული ასოებით შესრულებული წარწერებია დატანილი. ამ წარწერებმა მიიპყრო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება, რასაც ადასტურებს 2020 წელს გერმანიაში, ჟურნალ ,,Zeitschrift fuer Papyrologie und Epigrafik’’-ში (214) და აგრეთვე პოლონეთში ჟურნალ ,,PRO GEORGIA journal of kartvelologikal studies (N30) გამოქვეყნებული სტატიები. ,,მაჩხომერი’’ ადრექრისტიანული პერიოდის ძეგლია, აქ აღმოჩენილი წარწერების მიხედვით იგი VI საუკუნის შუა ხანებით თარიღდება. კვლევის პროცესში შეიძლება ეს ძეგლი კიდევ უფრო დაძველდეს. 

,,მაჩხომერის’’ მთაზემიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია გაეცნო. სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ტარდება.