30.09.2021

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მოინახულა „მაჩხომერის“ მთაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები

  

    ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მოინახულა „მაჩხომერის“ მთაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები, სადაც აღმოჩენილია მე-6 საუკუნის ტაძრის ნანგრევები. აქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენს, რაზეც მიუთითებს კაპიტალური გალავნის, ორი კოშკისა და სხვა გაურკვეველ ნაგებობათა ნაშთების არსებობა.

გათხრებისას აღმოჩენილი ბერძნულწარწერებიანი ფილების ფრაგმენტების მიხედვით, სავარაუდოდ ეს ტაძარი წმიდა ორმეოც სებასტიელ მოწამეთა სახელზედ უნდა ყოფილიყო აგებული; აქ აღმოჩენილი წარწერები თარიღდება მე-6 საუკუნის შუა ხანებით; წარწერების გაშიფრულ ნაწილში მოხსენიებულნი არიან „გორგონი“, „თეონა“ და „თაკე“, სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები უნდა იყვნენ და მათ მიერ უნდა იყოს აშენებული ეს ტაძარი; რაც შეეხება აქ წელს აღმოჩენილ წარწერებიან ფრაგმენტებს, ის ჯერ კიდევ არ არის გაშიფრული (შესწავლის პროცესშია).
არქეოლოგიურ სამუშაოებს ხელმძღვანელობს არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი რევაზ პაპუაშვილი; გათხრებში პირველივე დღეებიდან აქტიურად მონაწილეობს სიწმიდეთა და სიძველეთა მოძიებისა და დაცვის საეპარქიო ცენტრის დირექტორი - ისტორიკოსი გოგიტა ჩიტაია.
მიმდინარე საძიებო-კვლევით სამუშაოებში ასევე აქტიურად მონაწილეობენ და უზრუნველყოფენ აღმოჩენების გაშუქებას (საერთაშორისო კონფერენციებსა და საერთაშორისო გამოცემებში):
- ემანუელ ინტაგლიატა, იტალიელი მეცნიერი, არქეოლოგი, პროფესორი;
- ანდრეი ვინოგრადოვი, ბიზანტოლოგი, არქეოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი; (https://www.youtube.com/watch?v=dPop5D3ewT8)
,,მაჩხომერის’’ შესახებ სტატიები დაიბეჭდა 2020 წელს გერმანიაში, ჟურნალ ,,Zeitschrift fuer Papyrologie und Epigrafik’’-ში (N 214), აგრეთვე პოლონეთში ჟურნალ ,,PRO GEORGIA journal of kartvelologikal studies (N30).
აღნიშნული არქეოლოგიური სამუშაოები რთულ გარემო პირობებში (მოსაწესრიგებელია მისასვლელი გზა) მიმდინარეობს უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე და სავარაუდოდ, (სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე) კიდევ დიდხანს გასტანს, თუმცა დღემდე გაწეული სამუშაოს შედეგები, გადაჭარბების გარეშე უკვე შეიძლება ითქვას, რომ უნიკალური და შეუფასებელია.
როგორც ჩანს წინ კიდევ გველის საინტერესო აღმოჩენები, რასაც ღრმა ისტორიულ წარსულში გადავყავართ და საქართველოს უძველესი ქრისტიანული კულტურის შესახებ ჩვენს ცოდნას ამდიდრებს და შესაბამისად, გვაძლიერებს!
ეპარქიის სამდივნო. https://www.facebook.com/poti.pazisi.eparqia/photos/pcb.2978497669055543/2978497265722250/

10.09.2021

„მაჩხომერზე“ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს (ფოტო + ვიდეო)

  

 ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულო ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე ,,მაჩხომერის’’ მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელსაც არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. მუშაობაში ჩართულნი არიან მხატვარ-რესტავრატორი ნანა პაპუაშვილი, თბილისის უნივერსიტეტის არქეოლოგები თენგიზ ესებუა და დავით ნასყიდაშვილი, ასევე იტალიელი არქეოლოგი ემანუელ ინტაგლიატა. აქ გამოვლინდა რიგი ისეთი არტეფაქტებისა, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ობიექტს. მნიშვნელოვანია აქ მოპოვებული 12  სხვადასხვა ქვის ფრაგმენტი და ერთი სრული-18 სტრიქონიანი ლოდი, რომლებზედაც ბერძნული მთავრული ასოებით შესრულებული წარწერებია დატანილი. ამ წარწერებმა მიიპყრო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება, რასაც ადასტურებს 2020 წელს გერმანიაში, ჟურნალ ,,Zeitschrift fuer Papyrologie und Epigrafik’’-ში (214) და აგრეთვე პოლონეთში ჟურნალ ,,PRO GEORGIA journal of kartvelologikal studies (N30) გამოქვეყნებული სტატიები. ,,მაჩხომერი’’ ადრექრისტიანული პერიოდის ძეგლია, აქ აღმოჩენილი წარწერების მიხედვით იგი VI საუკუნის შუა ხანებით თარიღდება. კვლევის პროცესში შეიძლება ეს ძეგლი კიდევ უფრო დაძველდეს. 

,,მაჩხომერის’’ მთაზემიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია გაეცნო. სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ტარდება.