31.12.2015

საახალწლო ზეიმი პირველი მაისის საბავშვო ბაღში

31 დეკემბერს ქ. ხობის პირველი მაისის საბავშვო ბაღში საახალწლო-საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. ბაღის აღსაზრდელები ორიგინალური სცენარით წარსდგნენ დამსწრეთა წინაშე. წარმოადგინეს საინტერესო და სახალისო სანახაობა და განასახიერეს ზღაპრის გმირები. ფიფქიებმა და თოვლის ბაბუებმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადეს ზეიმი.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე მალხაზ ლაგვილავა და გამგებლის წარმომადგენელი პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მარინე ლაგვილავა ესწრებოდნენ.






17.12.2015

არქეოლოგიური სამუშაოები მაჩხომერში



17 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ  ერთეულში  არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი და  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაია იმყოფებოდნენ. მაჩხომერის უბანში  არსებულ მთაზე  განხორციელდა  დაზვერვითი სამუშაოები, რის შედეგადაც აღმოჩნდა  ნაგებობა, გალავნის კოშკის ნაშთები,  რომელიც  სავარაუდოდ შეიძლება იყოს ადრექრისტიანული პერიოდის ნაშთები, კერძოდ  ნაეკლესიარი. 
    როგორც არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი საუბარში აღნიშნავს „გალავანი და შიგ არსებული შენობა-ნაგებობები  აშენებულია მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში. ამაზე მეტყველებს ის სამშენებლო კერამიკა, რომელიც თავისებური ფორმით ხასიათდებიან“.
   კვლევები ხორციელდება  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით.

25.11.2015

ვილენ გაბრავა მკლავჭიდში მსოფლიოს თასის მფლობელია

21-22 ნოემბერს  პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ რუმიაში ჩატარდა მსოფლიო თასის გათამაშება მკლავჭიდში, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების წევრმა ხობელმა (პირველმაისელმა) ვილენ გაბრავამ და 63 კგ წონით კატეგოიაში პირველი ადგილი დაიკავა. ვილენი პირველი ქართველია, რომელმაც მსოფლიო თასზე მკლავჭიდში ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია. 
     

03.11.2015

,,ივერია’’, 1901 წ. 9 ნოემბერი, N 245 სოფელი ხეთა

ამ ათი წლის წინათ ერთმა ამ სოფლის მკვიდრთაგანმა, ტფილისის სასულიერო სემინარიაში კურსდამთავრებულმა, ბ-ნმა ე. შუშანიამ თავისის ხარჯით თავისავე ეზოში გახსნა სამრევლო სკოლა. ჩვენში მაშინ სამრევლო სკოლის ხსენება არსადაც არ იყო და არსებობდა მხოლოდ სამინისტრო სკოლები. ამ დროს მას მანანასავით მოევლინა პატიოსანი მუშაკი საზოგადოებისათვის, რომ როგორმე სკოლა შეეყვარებინა და მასში ნდობა დაემსახურებინა, მასწავლებელი მოწაფეებს არაფერს სთხოვდა, პირიქით, სასწავლო ნივთებსაც უფასოდ ურიგებდა. ასე გაატარა ორი წელიწადი, მაგრამ სასულიერო მთავრობამ ასეთი მისი მოღვაწეობა უყურადღებოდ არ დასტოვა, დააფასა მისი შრომა და დაუნიშნა ჯამაგირი. მალე ეს ერთკლასიანი სკოლა ორკლასიანადაც გადაკეთდა, შემდეგში კი 1899 წლიდან საოსტატო კურსებიც მიემატა, მაშინ სკოლის ასაგები ფულიც დაუნიშნეს და ჯამაგირიც მოუმატეს. 1899 წლის დამდეგს ზუგდიდის მაზრის სამოსწავლო საბჭოს განყოფილებამ შუამდგომლობა აღძრა, სადაც ჯერ არს, რომ ასეთი მეორეკლასიანი სამრევლო სკოლა ზუგდიდშიაც დაეარსებინათ ქალებისათვის, მაგრამ უარი მიიღეს. მთავრობამ განუმარტა ხსენებულ საბჭოს, რომ კანონით თითოეულს ეპარქიაში ასეთი ტიპის სასწავლებელი მხოლოდ ორი უნდა იყოსო, მაგრამ გურია-სამეგრელოს ეპარქიაში სამი სკოლა უკვე იყო დაარსებული (კიწიასა, ბანძასა და ხეთაში); ამიტომ ამ ერთს შემთხვევაში უმაღლესის მოწყალებით სამსავე სასწავლებელს სტოვებენ, ხოლო მეტის დაარსება აღარ შეიძლებაო. ხსენებულმა საბჭომ სათანადო მთავრობას იმ მოსაზრებით კი უფრო სთხოვდა მეოთხე სკოლის დაფუძნებას, რომ ამ საქმისათვის მას დიდსა და უხვს შემწეობას ჰპირდებოდნენ. მაგ: უგანათლებულესმა პრინცესამ სალომე მიურატისამ ქცევა-ნახევარი ადგილი დაბა ზუგდიდის შუა ალაგას შესწირა სკოლის ასაგებად, ხოლო სამი წლით სანამ სკოლის აგებას მოასწრებდნენ უფასოდ დაუთმო შენობა, სადაც სკოლის მოთავსება ადვილად შეიძლებოდა; დაბა ზუგდიდის ვაჭრებმა და მცხოვრებლებმა კიდევ ორასი თუმანი შემოსწირეს და ადგილობრივი სამღვდელოებაც წლიურად ას-ას თუმანს დაპირდა. ასეთის უხვის შემწეობის გამო ხსენებულმა საბჭომ ხელახლა აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე და ხეთის ზემოთხსენებული სკოლის გადმოტანა ითხოვა ზუგდიდში.

01.11.2015

სახელოვანი მკლავჭიდელები ტვ იმედის დილის ეთერში


ტვ იმედის დილის ეთერს სტუმრად საქართველოს მკლავჭიდის ნაკრები (მათ შორის ხობელები: გენადი კვიკვინია, ვილენ გაბრავა, გოჩა სიჭინავა) და მათი მწვრთნელი ვახტანგ მუსელიანი სტუმრობდნენ. საუბრის ძირითადი თემა საქართველოს ნაკრების მალაიზიაში წარმატებულ ასპარეზს შეეხო, სადაც ქართველი სპორტსმენები 18 და 21-წლამდელებში, ვეტერანებში და უფროსთა შორის ასპარეზობდნენ. საერთო ჯამში მათ 41 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 13 ოქროსი!
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქართველ სპორტსმენებს ამ დიდ გამარჯვებას!

23.07.2015

პირველ მაისში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტად საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელა. მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები აქტიურად ხორციელდება. მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაღი წელს სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოები პირველ მაისში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს. 

საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 50000 ლარს შეადგენს, შპს „გაინათი“ ასრულებს, 
ხობის მუნიციპელიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 840964 ლარი გამოიყო. თანხები სოფლებზე, მოსახლოების რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა.

08.04.2015

ბულიწყუს შესახებ

საბჭოთა კავშირის პერიოდში, ეხლანდელი ბულიწყუ და საკვიკვინიო გაერთიანებული იყო ერთ სოფლად რომელსაც პირველი მაისი ერქვა. პირველი მაისის ფართობი 1200 ჰა, მოსახლეობის რაოდენობა კი 2534 კაცი იყო. პირველი მაისი მოიცავდა ორ ძირითად ნაწილს: პირველი ბულიწყუ (ამჟამინდელი ბულიწყუ) და მეორე ბულიწყუ ამჟამინდელი საკვიკვინიო.
სოფლის უდიდეს მნიშვნელობაზე მიუთითებს მის ტერიტორიაზე შენარჩუნებული ისტორიული ძეგლები: წმინდა სოფია, მაჩხომერი, ჯახუთი, ნასკალუ, ყურუმელიას ჯიხა.
მდინარე მუნჩიის სანაპიროზე მდებარეობს წმინდა სოფიას ეკლესია. ეკლესიას ირგვლივ გალავანი უვლის. შესასვლელში ოთხკუთხა კოშკის ნაშთია. ეკლესია, კოშკი და გალავანი ნაგებია ადგილობრივი კირ ქვით. ეკლესია ამაღლებულ ბექობზე დგას. ტაძარი სავარაუდოდ 1614 წლის მიწისძვრის დროს დანგრეულა და შემდეგ აღუდგენიათ ლევან დადიანის ბრძანებით და შემწეობით. ამაზე მიუთითებს ეზოში გაბნეულ ჩუქურთმიანი ლოდები. წმინდა სოფიას ტაძრის შესახებ ყველაზე სრულყოფილ მონაცემებს გ. ჩიტაიას ნაშრომი „ფოთისა და ხობის ეპარქიის ისტორიული ძეგლები“ იძლევა.
ტაძრის შემოგარენში აღმოჩენილია ადრე ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები. ეტყობა მე-19 საუკუნემდე სოფელი ამ ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა. როდესაც რუსული მმართველობა დამთავრდა გარეთა შემოსევები შეწყდა სოფელი ვაკეში ჩამოსულა და იქვე ვაკეში აუშენებიათ - საკვიკვინოს წმინდა სოფიოს ეკლესია. ძველი საეკლესიო ხატები ჯვრები და ჭურჭლები ახალ ეკლესიაში გადმოუსვენებიათ.
1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა.
ტაძრის ქვეშ გამოქვაბულია.