04.12.2019

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს გილოცავთ

4 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. წმინდა მარიამის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი 50 წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. მოულოდნელად ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხდა და ახარა, რომ მას ასული მარიამი ეყოლებოდა, რომელიც კაცობრიობას მხსნელს, იესოს მოუვლენდა. სამი წლის განმავლობაში მარიამი სახლში იზრდებოდა, შემდეგ კი იგი მშობლებმა იერუსალიმში, ტაძარში მიიყვანეს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტში პირველი მაისის თემში არსებულ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში.

17.11.2019

,,ღია შეხვედრა'' პირველი მაისის მოსახლეობასთან


პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრებზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად შიდა გზების, წყლის სისტემის, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და ნაპირდამცავი გაბიონების მოწყობა დაასახელა.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება თანხები გათვალისწინებული.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება
შეხვედრებს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

07.11.2019

პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში ნაპირდამცავი გაბიონი შენდება


🔹ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში ნაპირდამცავი გაბიონი შენდება
🔹პროექტი, საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხიდან დაფინანსდა
🔹პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 114880 ლარს შეადგენს, ხოლო გაბიონის სიგრძე 170 მეტრი იქნება
🔹გაბიონის მოწყობის შემდეგ დატბორვისგან დაცული იქნება მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთები და მდინარე მუნჩიას სანაპირო ზოლი.

01.11.2019

მერმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა



პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა
მერმა განხორციელებულ, მიმდინარე და მომავალი წლისთვის დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა
“2019 წელს ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და მოსახლეობასთან შეხვედრებზე დასმული საკითხები მოგვარდება. რაც შეეხება 2020 წელს - მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი გზების, ამბულატორიების, სკოლების რეაბილიტაციის, წყლის სისტემის მოწყობისა და სოფლების გაზიფიცირების მიმართულებით“ - აღნიშნა მერმა
ანგარიშის პარალელურად მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტო-ვიდეო კოლაჟის ჩვენება მიმდინარეობდა
ანგარიშის მოსმენას ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეები, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

10.09.2019

პირველ მაისში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა



პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა
კეთილმოწყობილი სამედიცინო დაწესებულება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა
შეიცვალა კარ-ფანჯრებიმოწესრიგდა ელექტროგაყვანილობაწყლისა და კანალიზაციის სისტემებიგარემონტდა ჭერიიატაკი და კედლები 
სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა 
ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 19446 ლარი დაიხარჯა
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 ივნისის N1476 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს სამედიცინო დაწესებულებების აღდგენა-მშენებლობისთვის 406 302 ლარი გამოეყო.

09.08.2019

ხობში მაჩხომერის გორაზე ახალი არტეფაქტები აღმოაჩინეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, მაჩხომერის გორას შესწავლა მიმდინარეობს, აღმოჩენილი არტეფაქტების მიხედვით ძეგლი მეექვსე საუკუნეს განეკუთვნება.

გორაზე აღმოჩენილი იქნა დიდი არქიტეტურული კომპლექსი, რომელიც გალავანის, კოშკებისა და სხვადასხვა ნაგებობებისგან შედგება. ამჟამად ერთ-ერთი ნაგებობის გათხრები მიმდინარეობს.

არქეოლოგიურ გათხრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო. არქეოლოგმა რევაზ პაპუაშვილმა ალექსანდრე მოწერელიას დეტალურად გააცნო არქოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები.

მაჩხომერის გორაზე აღმოჩენილია ბერძნულ წარწერიანი ქვის ფილები, ასევე აკლდამა რომლის შესწავლაც ამჟამად მიმდინარეობს, გათხრების დროს ასევე აღმოჩნდა 26 მინის ჭურჭელი, აგრეთვე მარმარილოს ფილა, რომელზეც ორი მტრედი და ჯვარია გამოსახული.


18.06.2019

კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“


თბილისში, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალი გაიმართა. 
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის გუნდი ,,ნოეს კიდობანი" ხუთეულში გავიდა და სამცხე-ჯავახეთში სამდღიანი ექსკურსიით დაჯილდოვდა. 
„ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალურ თამაშის ჟიურის წევრი ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი) იყო. ფინალისტ გუნდებს, გუნდის მომღერლებს და მასწავლებლებს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრისაგან პატრიარქის ავტოგრაფით სიგელები გადაეცათ. 
პირველი მაისის საჯარო სკოლის გუნდის ტრანსპორტირება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით განხორციელდა.
ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერტების, კულტურის, და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

08.05.2019

არქივი პირველი მაისის საჯარო სკოლა 1939 წელი

პირველი მაისის საჯარო სკოლა. ეს ხის შენობა არსებობდა 1965 წლამდე.
ბუჭა (გიორგი) ნაცვლიშვილის საჩუქარი სკოლას.












02.05.2019

მაღალღირსი დეკანოზი ჩად ჰეტფილდი სოფ. პირველი მაისის ყდ. წმ. ღვთისმშობლის შობის სახ. საეკლესიო კომპლექსში

2019 წლის 2 მაისს, ნიუიორკის წმიდა ვლადიმირის მართლმადიდებლურ თეოლოგიურ სემინარიასა და ა(ა)იპ ახალი საქართველოს უნივერსიტეტს შორის მთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიის შემდგომ, საპატიო სტუმარმა, წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტმა, მაღალღირსმა დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა მაღალყოვლადუსამღვდელოეს გრიგოლთან ერთად მოილოცა სოფ. პირველი მაისის ყდ. წმ. ღვთისმშობლის შობის სახ. საეკლესიო კომპლექსი.

03.04.2019

პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე თეიმურაზ კვიკვინია სწრაფ ჭადრაკში ოთარ ხომერიკის მე-17 მემორიალის გამარჯვებული

თეიმურაზ კვიკვინია ოთარ ხომერიკის მე-17 მემორიალის გამარჯვებულია.  
30  მარტს ფოთში დასრულდა ოთარ ხომერიკის მე-17 მემორიალი სწრაფ ჭადრაკში. ღია ტურნირში (შეუზღუდავი ასაკი) 47 მონაწილეს შორის დაუმარცხებლად - 7 შესაძლებლიდან 6 ქულით (5 მოგება, 2 ყაიმი) პირველი ადგილი დაიკავა ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის (ამავე დროს ფოთის საჭადრაკო სკოლის) მოსწავლე თეიმურაზ კვიკვინიამ. 
საპრიზო ადგილზე მოსახვედრად მცირედი დააკლდა ამავე სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ნიკა ბუკიას (მე-4 ადგილი), გოგონათა შორის კი მეხუთე ადგილზე გავიდა მეხუთეკლასელი მარიამ ლაგვილავა. 
თეიმურაზ კვიკვინია საქართველოს ორგზის ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში. მისი უახლოესი გეგმები საქართველოს 14 წლამდელთა ჩემპიონატს უკავშირდება, რომელსაც თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მაისის დასაწყისში უმასპინძლებს.