08.10.2026

შოთა რუსთაველის ქუჩის პირველ შესახვევს სპარტაკ ბუკიას სახელი მიენიჭა

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელ ბულიწყუში) მდებარე შოთა რუსთაველის ქუჩის პირველ შესახვევს საზოგადო მოღვაწის, ტექნიკის აკადემიური დოქტორისა და პროფესორის, სპარტაკ ბუკიას სახელი მიენიჭა.

სპარტაკ ბუკია დაიბადა 1970 წლის 6 ოქტომბერს, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში (სოფელი ბულიწყუ). საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე (სოფლის მეურნეობის ეკონომიკის სპეციალობით) და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია.

1989 წელს ჩაერთო ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. 1990 წლიდან შეუერთდა ეროვნული მოძრაობის ხობის ორგანიზაციას. იყო „ხობის პრეს-ჯგუფის“; და გაზეთ „გზის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, ხობის ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. აქტიურად მონაწილეობდა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში, როგორც საარჩევნო ბლოკ „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ წევრი. ეროვნული ძალების არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მუშაობდა ხობის პრეფექტურაში განყოფილების უფროსად.

2018 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტურანტურაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა და მუშაობა განაგრძო ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.  მისი მრავალმხრივი პროფესიული კარიერა არაერთ საპასუხისმგებლო პოზიციას მოიცავდა:

1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში ექსპერტ-კონსულტანტად, შემდგომ კი წამყვან სპეციალისტად.

1997-1998 წლებში იყო პარლამენტის აპარატის უფროსი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში.

2010–2011 წლებში კერძო სექტორში საქმიანობდა, სადაც ქსელის ფინანსური მენეჯერისა და ქსელის დირექტორის პოზიციებს იკავებდა.

2015-2017 წლებში იყო ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის მრჩეველი.

2018-2019 წლებში ხელმძღვანელობდა სურამის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს გენერალური დირექტორის ამპლუაში, სადაც მისი მმართველობის პერიოდში უმნიშვნელოვანესი პროექტები განხორციელდა.

მიუხედავად აქტიური საზოგადოებრივი, სამეცნიერო და მმართველობითი საქმიანობისა, ადგილობრივებისა და გარემოცვისთვის სპარტაკ ბუკია, პირველ რიგში, უდიდესი გულმოწყალებითა და უანგარო ქველმოქმედებით იყო ცნობილი. იგი ყოველგვარი აფიშირების გარეშე, უხმოდ მუდმივად ეხმარებოდა უამრავ ადამიანს, ვისაც თანადგომა და მატერიალური თუ მორალური მხარდაჭერა სჭირდებოდა.

გამორჩეული პროფესიონალი მძიმე სენს (სიმსივნეს) ებრძოდა, რის შედეგადაც მისი სიცოცხლე 2019 წლის მარტში, 48 წლის ასაკში ნაადრევად შეწყდა. სპარტაკ ბუკიას გარდაცვალება უდიდესი დანაკარგი აღმოჩნდა ქვეყნისთვის და მისი მშობლიური მუნიციპალიტეტისთვის. მას მოსიყვარულე მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა, რომლებისთვისაც მამის სახელი, სამეცნიერო კვალი და დატოვებული სიკეთეები უდიდესი საამაყო კაპიტალია.

ხობის მუნიციპალიტეტის მიერ ქუჩის სახელდება სწორედ მისი ხსოვნის უკვდავყოფასა და იმ უდიდესი მადლიერების გამოხატვას ემსახურება, რასაც საზოგადოება ამ ღვაწლმოსილი ადამიანის მიმართ გრძნობს. აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი სამისამართო აბრა, სიმბოლურად სპარტაკ ბუკიას დაბადების დღეს, 7 ოქტომბერს განთავსდა.

https://www.facebook.com/share/p/19VPq3z4Tm/

05.06.2026

ხობის, პირველი მაისის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის სამონასტრო კომპლექსი (ფოტო: ირაკლი შონია)

 


https://khobi-info.blogspot.com/2026/05/blog-post_12.html

პირველი მაისში ოტნე დადიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს



ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში გზაზე იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის არხები, რკინის ცხაური და ეზოებთან მისასვლელები.

გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 595 000 ლარზე მეტია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტის განხორციელების შედეგად საგზაო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, რაც მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს. ნაკლების ჩვენება.

06.05.2024

პირველ მაისში სამონასტრო კომპლექსის ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს

  


ხობის მუნიციპალიტეტში, პირველი მაისის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე აღდგება მეწყერის შედეგად დაზიანებული გალავანი და სამრეკლო.

მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია გაეცნენ.

ადგილზე განვითარებული, მეწყრულ-ეროზიული პროცესების შედეგად ჩამოიშალა ფერდობის ნაწილი, რამაც საფრთხე შეუქმნა სამონასტრო კომპლექსს. მეწყერმა დააზიანა კომპლექსის გალავანი და სამრეკლო.

პროცესში გეოლოგების ჩართვის შემდეგ, სპეციალისტების დასკვნების შესაბამისად მომზადდა პროექტი და  ხორციელდება მასშტაბური სამუშაოები. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

29.03.2024

პირველ მაისში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

                                  

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საჩოკორაიოს უბანში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პირველ მაისში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.

პროექტის შესაბამისად ნატანი მასისგან გაიწმინდება ერთკილომეტრიანი არხი და მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება სანიაღვრე არხის გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შემცირდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით  ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 164 350 ლარს შეადგენს.

27.03.2024

მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის და შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში მინისტადიონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პირველ მაისში სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია გაეცნენ. მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სრულად რეაბილიტირდება: შუა ქვალონის, პირველი მაისის, ხამისკურის და ქალაქ ხობის (ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონი) ხელოვნურსაფარიანი სტადიონები. მინისტადიონების რეაბილიტაციისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 209 ათას ლარამდეა გამოყოფილი.