ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელ ბულიწყუში) მდებარე შოთა რუსთაველის ქუჩის პირველ შესახვევს საზოგადო მოღვაწის, ტექნიკის აკადემიური დოქტორისა და პროფესორის, სპარტაკ ბუკიას სახელი მიენიჭა.
სპარტაკ ბუკია დაიბადა 1970 წლის 6 ოქტომბერს, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში (სოფელი ბულიწყუ). საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე (სოფლის მეურნეობის ეკონომიკის სპეციალობით) და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია.
1989 წელს ჩაერთო ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. 1990 წლიდან შეუერთდა ეროვნული მოძრაობის ხობის ორგანიზაციას. იყო „ხობის პრეს-ჯგუფის“; და გაზეთ „გზის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, ხობის ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. აქტიურად მონაწილეობდა 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში, როგორც საარჩევნო ბლოკ „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ წევრი. ეროვნული ძალების არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მუშაობდა ხობის პრეფექტურაში განყოფილების უფროსად.
2018 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დოქტურანტურაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა და მუშაობა განაგრძო ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე. მისი მრავალმხრივი პროფესიული კარიერა არაერთ საპასუხისმგებლო პოზიციას მოიცავდა:
1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში ექსპერტ-კონსულტანტად, შემდგომ კი წამყვან სპეციალისტად.
1997-1998 წლებში იყო პარლამენტის აპარატის უფროსი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში.
2010–2011 წლებში კერძო სექტორში საქმიანობდა, სადაც ქსელის ფინანსური მენეჯერისა და ქსელის დირექტორის პოზიციებს იკავებდა.
2015-2017 წლებში იყო ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის მრჩეველი.
2018-2019 წლებში ხელმძღვანელობდა სურამის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს გენერალური დირექტორის ამპლუაში, სადაც მისი მმართველობის პერიოდში უმნიშვნელოვანესი პროექტები განხორციელდა.
მიუხედავად აქტიური საზოგადოებრივი, სამეცნიერო და მმართველობითი საქმიანობისა, ადგილობრივებისა და გარემოცვისთვის სპარტაკ ბუკია, პირველ რიგში, უდიდესი გულმოწყალებითა და უანგარო ქველმოქმედებით იყო ცნობილი. იგი ყოველგვარი აფიშირების გარეშე, უხმოდ მუდმივად ეხმარებოდა უამრავ ადამიანს, ვისაც თანადგომა და მატერიალური თუ მორალური მხარდაჭერა სჭირდებოდა.
გამორჩეული პროფესიონალი მძიმე სენს (სიმსივნეს) ებრძოდა, რის შედეგადაც მისი სიცოცხლე 2019 წლის მარტში, 48 წლის ასაკში ნაადრევად შეწყდა. სპარტაკ ბუკიას გარდაცვალება უდიდესი დანაკარგი აღმოჩნდა ქვეყნისთვის და მისი მშობლიური მუნიციპალიტეტისთვის. მას მოსიყვარულე მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა, რომლებისთვისაც მამის სახელი, სამეცნიერო კვალი და დატოვებული სიკეთეები უდიდესი საამაყო კაპიტალია.
ხობის მუნიციპალიტეტის მიერ ქუჩის სახელდება სწორედ მისი ხსოვნის უკვდავყოფასა და იმ უდიდესი მადლიერების გამოხატვას ემსახურება, რასაც საზოგადოება ამ ღვაწლმოსილი ადამიანის მიმართ გრძნობს. აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი სამისამართო აბრა, სიმბოლურად სპარტაკ ბუკიას დაბადების დღეს, 7 ოქტომბერს განთავსდა.
https://www.facebook.com/share/p/19VPq3z4Tm/


