08.04.2015

ბულიწყუს შესახებ

საბჭოთა კავშირის პერიოდში, ეხლანდელი ბულიწყუ და საკვიკვინიო გაერთიანებული იყო ერთ სოფლად რომელსაც პირველი მაისი ერქვა. პირველი მაისის ფართობი 1200 ჰა, მოსახლეობის რაოდენობა კი 2534 კაცი იყო. პირველი მაისი მოიცავდა ორ ძირითად ნაწილს: პირველი ბულიწყუ (ამჟამინდელი ბულიწყუ) და მეორე ბულიწყუ ამჟამინდელი საკვიკვინიო.
სოფლის უდიდეს მნიშვნელობაზე მიუთითებს მის ტერიტორიაზე შენარჩუნებული ისტორიული ძეგლები: წმინდა სოფია, მაჩხომერი, ჯახუთი, ნასკალუ, ყურუმელიას ჯიხა.
მდინარე მუნჩიის სანაპიროზე მდებარეობს წმინდა სოფიას ეკლესია. ეკლესიას ირგვლივ გალავანი უვლის. შესასვლელში ოთხკუთხა კოშკის ნაშთია. ეკლესია, კოშკი და გალავანი ნაგებია ადგილობრივი კირ ქვით. ეკლესია ამაღლებულ ბექობზე დგას. ტაძარი სავარაუდოდ 1614 წლის მიწისძვრის დროს დანგრეულა და შემდეგ აღუდგენიათ ლევან დადიანის ბრძანებით და შემწეობით. ამაზე მიუთითებს ეზოში გაბნეულ ჩუქურთმიანი ლოდები. წმინდა სოფიას ტაძრის შესახებ ყველაზე სრულყოფილ მონაცემებს გ. ჩიტაიას ნაშრომი „ფოთისა და ხობის ეპარქიის ისტორიული ძეგლები“ იძლევა.
ტაძრის შემოგარენში აღმოჩენილია ადრე ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები. ეტყობა მე-19 საუკუნემდე სოფელი ამ ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა. როდესაც რუსული მმართველობა დამთავრდა გარეთა შემოსევები შეწყდა სოფელი ვაკეში ჩამოსულა და იქვე ვაკეში აუშენებიათ - საკვიკვინოს წმინდა სოფიოს ეკლესია. ძველი საეკლესიო ხატები ჯვრები და ჭურჭლები ახალ ეკლესიაში გადმოუსვენებიათ.
1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა.
ტაძრის ქვეშ გამოქვაბულია.

პირველ მაისში მდებარეობს ყურუმელიას ჯიხა მუნჩიასა და ჩხაიას შეერთების ადგილზე გორაკზე. მას სამი მხრიდან გარს უვლის მდინარე ჩხაია. ციხე კეტავდა ვიწრო ხევს, საიდანაც გზა დღევანდელ სოფელ აბასთუმანში გადადის. აშენებულია ადგილობრივი კირქვით. იქ ნაპოვნია ადრე ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭელი, ზოგი მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება, ზოგიც მიმოფანტულია.
სენაკი ზუგდიდის სარკინიგზო მონაკვეთის მარჯვენა მხარეს, მდინარე მუნჩიიდან ნახევარ კილომეტრის სავალ გზაზე მდებარეობს ისტორიული ძეგლი მაჩხომერი. იქვე ჩამოედინება ღელე „მაჩხომერი“. სახელი მაჩხომერი დაკავშირებულია „მეთევზესთან“, წაგრძელებული მართკუთხედის ფორმით გალავნითა და კოშკებით ყოფილა შემოსაზღვრული.
აღმოჩენილია კრამიტისა და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და კირქვისაგან გამოთლილი სამშენებლო დეტალები. სავარაუდოდ მკვლევართა აზრით ადრექრისტიანული ხანის ეკლესია უნდა ყოფილიყო.
ჯახუთს განმარტავენ, როგორც „ჯა-ხუთს“ რაც ქართულად ხუთ ხეს ნიშნავს. არსებობს სხვა ვერსია, რომ ჯახუთი შეიძლება ჯახუს-თემს ნიშნავდეს. აქ აღმოჩენილია კირქვით ნაგები მართკუთხედის ფორმის შენობის ნაშთი. ნაგებობა ადრე ფეოდალური ხანის სამლოცველო უნდა ყოფილიყო. ძეგლი ხე-მცენარეებითაა დაფარული. კედლებთან მიმოფანტულია ადრე ქრისტიანული ხანის მოზრდილი ფრაგმენტები. შეიმჩნევა გალავნის კვალი.
პირველი მაისის ერთ ერთ უბანში - სალომაიოში არის ბუნების მიერ შექმნილი ჩანჩქერი [[ჩხაია (ჩანჩქერი)|ჩხაია). მას უკავშირდება ლეგენდა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: გვალვების დროს, ადგილობრივი მოსახლეობა ატარებდა რიტუალს. ეკლესიიდან გამოაბრძანებდნენ ხატებს და ჩხაიის წყლით ბანდნენ, თან ლოცვით შესთხოვდნენ წვიმის მოსვლას. ცნობილია, რომ ამ რიტუალის შესრულების შემდეგ ბუნება სოფელს წვიმას უწყალობებდა. ეს წარმართული რიტუალი დღემდე შემორჩენილია.